სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანაზე დეზინფორმაციული განცხადება გავრცელდა, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება - შემოსავლების სამსახური

17 მაისი 2023, 17:57 517 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებით გავრცელდა მორიგ დეზინფორმაციული განცხადება საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შპს „შავი ზღვის ტემინალში“ (ყულევის პორტი) არსებულ რეზერვუარებში ინახება ყაზახური და თურქმენული კომპანიის მიერ წარმოებული, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტი (მაზუთი).

„ყაზახური წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 11494.529 ტონას, ხოლო თურქმენული წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 36556.615 ტონას. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, მისი რაოდენობა 8995.059 ტონას შეადგენს.

ზემოაღნიშნული ყაზახური და თურქმენული კომპანიების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ მიწოდებულ დროებითი შენახვის დეკლარაციებში მითითებულია გამომგზავნი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციები, რომლებშიც წარმოშობის ქვეყნებად დაფიქსირებულია ყაზახეთი და თურქმენეთი, რაც დასტურდება მოწოდებული საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით.

რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, კომპანიას აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება არ განუხორციელებია და ასევე, არ მოუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად. კომპანიის მომართვის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს, როგორც საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის, ასევე სანქციების მიმართულებით“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ ამჟამად არის განთავსებული 600 სარკინიგზო ვაგონით მაზუთი.

„ტერმინალის რეზერვუარებში განთავსებული მაზუთის გარდა, ყულევის პორტის სავაგონო პარკში დასაცლელად შემოსულია 65 ერთეული მაზუთით დატვირთული ვაგონი, საიდანაც 37 სარკინიგზო ვაგონი არის ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებული მაზუთი, ხოლო 28 ვაგონი ყაზახური წარმოშობის მაზუთით არის დატვირთული. აღნიშნული საქონლის მიმართაც, მფლობელ კომპანიებს შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი