"სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა მმართველი გუნდის მხრიდან ალოგიკური იქნებოდა.
"სოროსის ფონდი“ თავიდანვე იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა პირდაპირ დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა. ანუ, ვიდრე კომისია მიიღებდა თავის გადაწყვეტილებას, ევროპული საბჭო, მანამდე „სოროსის ფონდმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოსო. ასეთ დროს, „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა. ახლაც იმავეს აკეთებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული ეს დასკვნაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს.
ტყუილს როდესაც ავრცელებენ, თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები, ეს ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს. იცით, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს რადიკალურ ოპოზიციასა და „სოროსის ფონდს“ შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა, აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან მათ ღონისძიებებზე მისვლა აბსოლუტურად ალოგიკურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ შესთავაზა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა. მისივე თქმით, ოპოზიციის თვითმიზანია ჩააგდონ საკითხზე კენჭისყრა.
"უკვე თითქმის ერთი წელია გასული, რაც ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, დაესახელებინათ მათთვის მისაღები კანდიდატურები, თუმცა უარს ამბობენ, რაც არასწორია და მიუღებელი. კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მათთვის სასურველი კანდიდატურების დასახელება, ამბობენ უარს. არ ვიცი, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ ერთგვარ თვითმიზანს, ჩააგდონ ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს არის ძალიან სამწუხარო. ამ ყველაფრიდან გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის და ვის არ სურს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისკენ, თუმცა რამდენად იქნება მათი მიდგომა კონსტრუქციული, არ ვიცი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ასევე აღნიშნა, რომ წელიწადზე მეტია გასული, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს მათ პოზიციას, თუმცა ეს პოზიცია არ ჩანს.
„კონკრეტული კანდიდატურების მხარდაჭერა თუ სურთ, დაასახელონ ეს კანდიდატები ან საერთოდ არ დაასახელონ და მხარი დაუჭირონ კენჭისყრაზე. ესეც არის ერთ-ერთი ვარიანტი. უბრალოდ, აქ გამოჩნდება, სინამდვილეში მათ სურთ თუ არა კანდიდატის სტატუსი. მთლიანად კენჭისყრას თუ ჩააგდებენ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ნათელი იქნება მათი დამოკიდებულება, მხარს თუ დაუჭერენ კონკრეტულ კანდიდატებს, ესეც ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას. ალბათ ამ დღეებში შედგება კენჭისყრა. კანდიდატების არჩევა თუ მოხერხდება, ეს იქნება ძალიან კარგი, რათა წინ წავიწიოთ კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით“,- აღნიშნა კობახიძემ.