კვლევებში ცალსახად არის ნათქვამი, რომ „ვოსორიტიდის“ სარგებლისა და რისკის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი არსებობს - თინათინ ტურძილაძე

01 მაისი 2023, 19:32 853 ნახვა

არც აშშ-ში და არც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ, „ვოსორიტიდს“ უპირობო ავტორიზაცია არ აქვს მიღებული. კვლევებში, ცალსახად არის ნათქვამი, რომ წამლის სარგებლისა და რისკის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი არსებობს. ანუ, არ ვიცით, სარგებელი ასე გაგრძელდება, თუ – არა“, – აცხადებს მედიცინის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე.

მისივე თქმით, ევროპას აქვს ავტორიზაციის რეჟიმი – „თანაგრძნობის ავტორიზაცია“ და ნიშნავს, რომ წამალი არ არის ავტორიზებული, მაგრამ იმდენად მძიმე დაავადებისთვის შექმნილი, რომ მინიმალური სარგებლის ნიშნების გამო დაუშვეს ბაზარზე.

„ასეთ შემთხვევაში ამბობენ, თავად გადაწყვიტეთ, გინდათ, თუ არა ეს მედიკამენტი, რადგან მას არ ახლავს სახელმწიფოს გარანტია. შემდეგ მოდის, პირობით დაშვება, როდესაც დიახ, სარგებელი არის, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ამის შემდეგ მოდის ის ავტორიზაცია, რომელზეც ადგილობრივი სპეციალისტები აპელირებენ, რომ მედიკამენტს აქვს ავტორიზაცია. არა, ის ავტორიზაცია და დამატებითი დათქმებით დაშვებული ავტორიზაცია, რაც „ვოსორიტიდს“ აქვს, ერთმანეთისაგან განსხვავებულია“, – ამბობს ფარმაცევტული დარგის საერთაშორისო ექსპერტი.

მედიცინის ექსპერტ თინათინ ტურძილაძის თქმით მათ არ იციან ხრტილი გამაგრდება, თუ არა.

„ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია. საუბარია იმაზე, რომ ძვლის ზრდა იწყება. თუ ძვლის ზრდა, საკმაოდ გაგრძელდა დინამიკაში, არის ვარაუდი, რომ გვერდითი ეფექტების კორექციას გააკეთებს. აქ სიტყვას „ვარაუდობს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალურად, ფაქტობრივად, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა თინათინ ტურძილაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასევე, უცნობია იმ გართულებების შესახებ, რაც შესაძლოა, ძვლის ზრდას მოჰყვეს და ხრტილის გამაგრების მოლოდინში, სხვა ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გაუარესდეს.

„ვინმემ შეიძლება, დასვას კითხვა, როგორ მოვიქცეთ, ამ ბავშვებს ხომ ძალიან უჭირთ? რა თქმა უნდა, ასეა. რა თქმა უნდა, მათ ძვლის ზრდის ეტაპამდე, ტკივილები და ყველა ის გართულება აქვთ, რომლებზეც საუბრობენ. უბრალოდ, ამას სჭირდება თავისი პროტოკოლი, როგორ უნდა მოვუაროთ ამ დაავადებას“, – აცხადებს თინათინ ტურძილაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი