რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ უყუროს საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ინტერესებს, თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებებზე - პაპუაშვილი

12 აპრილი 2023, 12:18 1034 ნახვა

თავად ოპოზიცია რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვართ და უკვე მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ ხოლმე, დახარჯონ რამდენიმე წუთი საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია“.

„საქართველოს პარლამენტის 46-მა წევრმა ხელმოწერით მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, რომ აღარ ჩაენიშნა. თუმცა, ესეც სამწუხაროა. საბოლოო ჯამში, თავად ოპოზიცია რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვართ და უკვე მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ და ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ ხოლმე, დახარჯონ რამდენიმე წუთი უბრალოდ საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის და რეგლამენტში ჩახედვისთვის.

 

ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია და ვწუხვარ, რომ ასე შორს არიან განსაკუთრებით ოპოზიციის ეს წარმომადგენლები რეგლამენტისგან. რა თქმა უნდა, შესაბამისად, ეს გამოთხოვილად არც ჩაითვლებოდა. თუმცა იცით, რომ პრეზიდენტმა არ ჩანიშნა სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს სხდომას, 48 საათი არის ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მაგრამ მეორე მხრივ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, რადგან მათ არასწორად გამოითხოვეს, საბოლოო ჯამში, მათივე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ. კიდევ ერთხელ, 46-მა მიმართა და იმდენი ცოდნაც არ ყოფნით, რომ ისევ 46-ს მიემართა გამოთხოვაზე და ორმა ადამიანმა მისწერა პრეზიდენტს 46-ის სახელით. ამიტომ, რაც შეეხება ამ მდგომარეობას, რაც შექმნა ოპოზიციამ თავისი თავისთვის სასაცილო და პარლამენტისთვის უხერხული მდგომარეობა, გვაქვს ასე, რომ რეალურად უნდა ჩატარდეს სხდომა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება.

"პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც მომმართა მე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, რომ ისინი არ დაესწრებიან ამ შემთხვევაში სხდომას, შესაბამისად ეს გულისხმობს, რომ უკვე არ იქნება კვორუმი და აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარებაც. აქედან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. ეს არის ყველაზე სამწუხარო რამ. ერთი, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შარშან, ივლისში ჰქონდა ინიციატივა წამოყენებული სასამართლოსთან დაკავშირებული, შემდეგ დეკემბერში რეფორმების ჯგუფმა დააინიცირა საგამოძიებო ჯგუფი და დღემდე არ გამოუტანიათ კენჭისყრაზე. მე რამდენჯერმე შევახსენე მათ, რომ ეს საგამოძიებო კომისიები, დღეს, თუ არ ვცდები, ხუთი თუ ექვსი ასეთი კომისია არის ინიცირებული, და არ გამოაქვთ განსახილველად და კენჭისყრაზე. რამდენჯერმე შევახსენე, არ გამოჰქონდათ.

 

სამწუხაროა, რომ პარტიები, განსაკუთრებით ეს პარტიები, მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან არა საკუთარი პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე, აქაც უყურებენ უცხოეთიდან რა სიგნალები მოდის. ახლა ეს ისტერია, რაც ჰქონდათ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, თითქოს წუთი არ ჰქონდათ დასაკარგი, იყო ატეხილი აჟიოტაჟი, რადგან ნახეს განცხადებები საელჩოსი თუ სახელმწიფო დეპარტამენტის და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობენ სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების განცხადებების საფუძველზე, რაც არის აბსოლუტური იმედგაცრუება. ნაცვლად იმისა, რომ უყურონ საკუთარ ამომრჩეველს, ქართველ მოქალაქეებს და სახელმწიფო ინტერესებს, თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს, როდის უნდათ რომ კენჭისყრა იყოს, აწყობენ უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებებზე. რაც შეეხება მომავალ კვირას, კიდევ ერთხელ, აქაც ცოტა გაუგებრობამ თუკი ეს საკითხი ასეთი საჩქარო და სასწრაფო იყო, რომ არ ითმენდა ერთ დღესაც და უნდა ყოფილიყო რიგგარეშე სხდომა, ანუ რა გამოდის, გამოდის რომ მომავალ კვირას დაგვიანებული არის და რა ვიცი, მათი გადასაწყვეტია, გამოიტანონ როცა სურთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დღეს „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალას და აღნიშნა, რომ ამ მასალით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თაღლითური სქემა, რომელიც ქოლცენტრებით იყო აწყობილი და ევროპელი პენსიონერების გაღლეტვით იყო დაკავებული დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული.

"კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, კეზერაშვილს იფარებს ევროპა, ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკური პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს, პირდაპირ ჩართულია ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფინანსებით. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმედია, ევროპის ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს, რათა მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი