„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გინდ ახალი სახეები წარადგინოს, გინდ ძველი, დამთავრებულია ეს პარტია - მამუკა მდინარაძე

05 აპრილი 2023, 14:31 649 ნახვა

ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ კონკრეტული დამფინანსებელი ჰყავს „ნაცმოძრაობასა“ და მის კლასტერს. შემდეგ ეს დამფინანსებელი თავად გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, მე ვეხმარები. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება მორალურ დახმარებაზე ყოფილიყო საუბარი, თუმცა ეს არავინ დაიჯერა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ფინანსური დახმარება დადასტურდა თავად ამ ფინანსური დახმარების ავტორის მიერ. როდესაც ჩვენ ვთქვით, წინა დღეებში, რომ ორგანიზებული იყო ეს და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო, ლამის შეაჩვენეს ჩვენი თანაგუნდელები, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ. ამ დროს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის მათი დაორგანიზებული. გულწრფელი გაკვირვება შემიძლია გამოვხატო. ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით. ეს სიმართლე მათი მხრიდან ზოგჯერ შეიძლება მისასალმებელიც იყოს და მადლობაც კი გადავუხადოთ იმისთვის, რომ ასე გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ. ისინი აორგანიზებენ ძალიან ხშირად საპროტესტო მუხტს. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ახალგაზრდა მართლა გულწრფელად იდგა, ზოგიერთი მოტყუვდა თუ არ მოტყუვდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იყვნენ იქ გულწრფელი ადამიანებიც, რომლებიც რაღაცას გულწრფელად აპროტესტებდნენ და იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზების შედეგად მიყვანილებიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამდიდრებულები არიან სახელმწიფოს ხარჯზე.

„ვიცით სხვა ლიდერები, რომლებსაც ისე ეხმარებოდნენ თავისი პიარშიკებით, რომ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვეს „პიჯაკების საქმე“, ამ დროს საუბარია მილიონობით ლარის გაფლანგვასა და მოპარვაზე. მათ ფაქტებით უდასტურდებათ ბევრი მილიონი ლარის მოპარვა და ამიტომ თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამდიდრებულები არიან სახელმწიფოს ხარჯზე და ახლა ცდილობენ, რომ თავისი ნაკეთები საქმეები, გაფლანგვები და მოპარვები გადააბრალონ მოქმედ ხელისუფლებას, რაც არ გამოსდით, რადგან ფაქტებით უდასტურდებათ ეს ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარაფერი ეშველება, გინდ ახალი გინდ ძველი. აბა იკითხეთ ძველი ახალი სახეები სად არიან?! აბა მოიკითხეთ, სად არის ის ხალხი ერთი წლის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას, მოიკითხეთ თუ შეგიძლიათ, სად არიან?! ზოგი რუსეთშია ზოგი სხვაგან და ა.შ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად არის, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი და გინდ პროგრამა დადოს ისეთი, რომლისაც აღარავის სჯერა საქართველოში, დამთავრებულია და მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი