პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, მათ შორისაა დაჯგუფების ლიდერი ზურაბ მახარაძე.
როგორც ძალოვან უწყებაში ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. სამი დღის წინ პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.
მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს, რომელიც ისევ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ევროპულ არჩევანს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წელში პარლამენტთან ევროკავშირის დროშა სამჯერ ჩამოგლიჯეს, სწორედ ამ პროცესების შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია.