სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova ზრდის ფრენების ინტენსივობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამატებს კიშინეუ - ბათუმი - კიშინეუს რეგულარულ მიმართულებას.
უწყებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. დღეისათვის, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს.
რაც შეეხება ახალ მიმართულებას, კიშინეუ - ბათუმი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება 26 მარტიდან 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.