ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა და მხარეთა პოციზიები მოისმინა. პროკურორი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
სხდომის დაწყებამდე ადვოკატსა და პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გამომძიებლის ინფორმაციით, სწორედ დაკავებულ ედვარდ აბრამიანს ჰქონდა იჯარით აღებული ტერიტორია, სადაც ატრაქციონებს ამუშავებდა და ის იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების დაცვაზეც.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეორე ბავშვი კი, ჯერ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობდა, დღეს დილით თურქეთში გადაიყვანეს.
გამოძიება ბრალდებულს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წარდგენილი ბრალი 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევიდან სამი დღე გავიდა, ამის მიუხედავად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და ბათუმის მერიას განმარტება არ გაუკეთებიათ, მოწმდებოდა თუ არა ბულვარში განთავსებული ატრაქციონები.