მაღალი ადგილობრივი ინფლაცია სურსათის ფასების წლიურ ზრდას, ასევე მომსახურების გაძვირებას უკავშირდება - ეროვნული ბანკი

06 მარტი 2023, 16:23 703 ნახვა

2023 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა, –  ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.

„საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს. საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.

 

საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე გამოსარჩევი სეზონური ფაქტორების გამო ბოსტნეულის გაძვირება იყო, რამაც ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით გაზარდა. საპირისპიროდ, ბენზინის 6.5%-ით გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა.

სურსათზე ფასების ზრდამ თებერვლის წლიურ ინფლაციაში 4.2 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან ყველაზე მსხვილი კომპონენტები ყველზე, პურზე, კარტოფილზე და ხორცზე წლიურად გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2.4 პპ-ს შეადგენდა. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდებოდა. თებერვალში ამ მაჩვენებელმა უკვე უარყოფითი 0.4 პპ შეადგინა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს თებერვალში 6.6%-ს შეადგენდა”, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

მათივე განმარტებით, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ  თებერვალში იმპორტირებული ინფლაცია 2.9%-მდე შემცირდა.

„ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. თებერვალში იმპორტირებული ინფლაცია 2.9%-მდე შემცირდა.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით მცირედით მოიკლო, თუმცა მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების წლიურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0.7 პპ) და სანოტარო გადასახდელის (0.3 პპ) გაძვირებაა“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი