სახალხო დამცველის ვაკანტურ პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ამ დრომდე ვერ თანხმდება. ხვალ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, პოსტზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავს.
იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა და მას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.
სავარაუდოდ, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა. სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.