მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

27 იანვარი 2023, 10:00 742 ნახვა

ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში.

ანგარიშში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისთვისაც საქართველო მიისწრაფვის.

„ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქათველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება, მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. რეზოლუცია ეხება მედიასთან მიმართებაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით.

ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ოკუპაციის გამო. ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის“,- აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი