კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

25 იანვარი 2023, 19:17 529 ნახვა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის ბრალდებულ უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აღნიშნულ საფრთხეებს კი 7 000-ლარიანი გირაო უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე პროკურორის პოზიციას არ იზიარებდა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამასთან, სხდომაზე ბრალდებულმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა. ბეგიაშვილის განცხადებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებებში გადაცდომა არ ყოფილა.

უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით 23 იანვარს წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება).

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი