პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა

21 იანვარი 2023, 15:15 155 ნახვა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.  გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა  დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს „ორბი ჯგუფის“ საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა. 

აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას -  1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში