გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დაკავებულია, მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

20 დეკემბერი 2022, 16:00 1821 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის მიმართ, პოლიტიკურ ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დაკავებულს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ჩვენ მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში ვ. გორგასლის ქუჩა №127-ის მიმდებარედ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი კირთაძეს, „ტელეკომპანია“ ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდგომაც ი.ს.-მ გიორგი კირთაძის მისამართით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში ხელი დაარტყა.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- განაცხადა ანზორ გურულმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს გუშინ თავს დაესხნენ. პირდაპირი ეთერის დროს მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, კვერცხები ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი