მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობა, არამედ სხვა ინტერესი აქვთ, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური მოტივაცია და კანონის გვერდის ავლით მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრული სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე მისი ჯანმრთელობის ინტერესები, თუმცა ამაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია, რაც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს და სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობის საკითხები, არამედ სხვა ინტერესები აქვთ. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია და ეს არის მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი კანონის გვერდის ავლით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, საქართველოსადმი მხარდაჭერის მაგალითი იყო ევროკომისრის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებებიც.
"200-მდე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, ასევე, მოხდა უპრეცენდენტო რამ, იმ ადამიანმა, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი და ვინც ეს რეზოლუცია დააინიცირა ევროპარლამენტში, თვითონ იმ ადამიანმაც არ დაუჭირა კენჭისყრაში მხარი ამ დოკუმენტს, რაც თავისთავად ადასტურებს ერთადერთს, რომ არის უსაფუძვლო ზეწოლა, მცდელობები, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება და დაბლოკვა. ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში, თუმცა, კარგია, რომ ევროკომისია ანუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები საქართველოს ცალსახად და ძლიერად უჭერენ მხარს, აფასებენ პოზიტიურად იმ პროგრესს, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისში ევროკომისრის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც მან თქვა, რომ საქართველო რეფორმებში მიდის სწორი მიმართულებით და საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა თალაკვაძემ.