„მოსალოდნელია კომა და სიკვდილი“ - ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დაახლოებით 10-მდე დიაგნოზია დადგენილი, რაც შეუთავსებელს ხდის სააკაშვილის პატიმრობას, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული დიაგნოზები არ საჯაროვდება. ჯამში კი საუბარია 20-ზე მეტ დიაგნოზზე. დასკვნის მომზადებაში ჩართული ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილი უნდა იყოს ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნების რომელიმე წამყვან კლინიკაში. ცენტრ ,,ემპათიას“ სამედიცინო დასკვნა დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიციის უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, მათ შორის ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელები. ენმ-ში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯს აზიანებს, განსაკუთრებით კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, უნდა დასაბუთდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არაა.