იმისთვის რომ რუსეთმა პასუხი აგოს აგრესიაზე, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი - ვოლოდიმირ ზელენსკი

30 ნოემბერი 2022, 10:04 639 ნახვა

იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი აგოს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი და უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხში ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომელსაც მსგავსი გამოცდილება მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა.

"ბრიტანელებს აქვთ გამოცდილება, ეს მათთან ჩვენი საერთო ისტორიული მეხსიერების ნაწილია. 1942 წლის ზამთარში, როცა ჯერ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, როდის დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი, ლონდონში მოკავშირეთა წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი წმინდა ჯეიმსის დეკლარაციას. დოკუმენტი, რომელმაც დაიწყო გზა ნიურნბერგის ტრიბუნალისკენ, ანუ მართლმსაჯულებისკენ ომის შემდეგ. უკვე არსებობს ძლიერი თანამშრომლობა ნიდერლანდებთან, რომელიც გვეხმარება პროკურატურის შექმნაში, ომის დანაშაულის მტკიცებულებების შესაგროვებლად. ვმუშაობთ საფრანგეთთან, რომელიც გვეხმარება საველე სამუშაოებში რუსული ბოროტების დოკუმენტირებისთვის. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ აუცილებელი სამართლებრივი არქიტექტურა, რათა ტრიბუნალმა იმუშაოს. სრულად უნდა განვახორციელოთ ეს პუნქტი ჩვენს სამშვიდობო ფორმულაში და უზრუნველვყოთ სამართლიანობა ამ ომის შემდეგ, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მჯერა, დიდი ბრიტანეთი გამოიჩენს თავის ლიდერობას ამ ბრძოლაში სამართლიანობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში