ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპს მხარი დაუჭირა

28 ნოემბერი 2022, 19:27 484 ნახვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა.

საკითხი კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ წარადგინა.

მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას.

„შემოგვაქვს სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან მოქმედებს პენსიონერებისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამით ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მისი თქმით, სოციალური პაკეტის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის.

როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, პროცესი ამით არ დასრულდება და სამინისტრო, მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმ მიმართულებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს როგორც ფულადი დახმარება, ასევე შეთავაზებული სერვისები, რომლებიც წლიდან წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდება.

კომიტეტმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი