განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ყველას, ვინც  დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, პასუხად მივიღეთ - საბოტაჟი და დესტრუქცია - პრემიერი ოპოზიციას

18 ნოემბერი 2022, 13:46 599 ნახვა

განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კარი გავუღოთ ოპონენტებს, მედიას, არასამთავრობოებს, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში, საბოტაჟი და დესტრუქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმეტესობა არც კი მონაწილეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში.

"მინდა, ყველას გავაცნო გვარები და სახელები, თუ ვინ მომმართა კითხვებით. ეს იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე. ჩვენ ამ ადამიანებს რომ მოვუსმინოთ და მათი წერილის შინაარსს რომ გავეცნოთ, გვექნება განცდა, თითქოს ისინი მართლაც არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამ დროს მოდით, ახლა ყველამ ერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს და არიან თუ არა ჩართულები და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება. ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრებოდა, იგი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის სხდომებში.

მანამდე მე მინდა, გითხრათ ყველას, რომ ძალიან უცნაურია, მე მესმის, კი ბატონო, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ, მომმართოთ მე, მაგრამ მთელი პროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და ეს მართლაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები, წევრები, გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ, ყველამ ერთად მათ შორის მეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია იმით, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში – საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი