ვტოვებ პარლამენტს და "ნაციონალურ მოძრაობას" -ნონა მამულაშვილი

03 ნოემბერი 2022, 22:06 2007 ნახვა

ნონა მამულაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა – საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია დიდი ხანია, დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს – მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა „გამზირს“.

გიორგის პარტიაში ყოფნისას, ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია. ჩვენ ერთად, „გამზირის” პლატფორმაზე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს – „რეისი“.

გარდა ამისა, მე და გიორგი, ჩვენს ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვმუშაობთ მასშტაბური, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება“,- წერს მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი