მთავრობა ინვესტორებს მხარდაჭერის ახალ სქემას სთავაზობს, რომელიც სამ წელიწადში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს

31 ოქტომბერი 2022, 11:41 634 ნახვა

მთავრობამ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემა წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა ჰესების მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მეგავატამდე ჰესებზე გაცემულია მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე. ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი: სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. სიეფდი ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის ის 800 მეგავატი, რომელზეც ვისაუბრე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ 1 500 მეგავატის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით. დაემატება ამას 800 მეგავატის პროექტები და კიდევ მსხვილი პროექტები, რომელზეც დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, სულ მცირე 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ, ვაცხადებთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკას ვზრდით ორნიშნა, უკვე 10 პროცენტით, ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, მოხმარებაც იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. მით უმეტეს, ეს არის განახლებადი, სუფთა ენერგია და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში