უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული სამხედრო ძალების წარმატება არ შემოიფარგლება მხოლოდ ლიმანის აღებით, რადგან რუსული ოკუპაციისგან ხერსონის რეგიონის ქალაქებიც განთავისუფლდა. პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოლქში არხანჰელსკე და მიროლიუბივკას მცირე დასახლებებია გათავისუფლებული.
ქვეყნის ლიდერმა ამ ორი დასახლების დაბრუნების შესახებ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა და მადლობა გადაუხადა უკრაინული ძალების კონკრეტულ ქვედანაყოფებს გამოჩენილი ძალისხმევისთვის. ზელენსკიმ ოკუპირებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის გატაცებას რუსული ტერორის აქტი უწოდა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს და თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს იბრაჰიმ კალინს და, რომ მათ შორის ძალიან არსებითი მოლაპარაკებები გაიმართა.