აშშ, პოლონეთი და ბულგარეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ

28 სექტემბერი 2022, 16:01 780 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიპლომატური მისიის განცხადებით, რუსეთში დაწყებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, აღკვეთოს მათი რუსეთიდან გამგზავრება და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში.

„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, მოერიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ საპროტესტო აქციებს და არ გადაუღონ სურათები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს აღნიშნულ ღონისძიებებზე.

ცოტა ხნის წინ, პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობებმა რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ მიმართონ მოქმედ სატრანსპორტოო საშუალებებს რუსეთის დასატოვებლად.

მსგავსი განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც და აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრების ჩაკეტვის, ვითარების გაუარესებისა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეთა ევაკუაცია შესაძლოა ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი გახდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში