აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ ჩვენი 4 ღირსეული კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2022, 12:51 589 ნახვა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ "ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატი ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს.

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვერც გაიზიარებს და ვერც ლოიალურად შეაფასებს.

"ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება - მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული 4 კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. მე ვთქვი და იმავეს ვიტყვი ახლაც: ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები არიან ტყუილის და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა. რა თქმა უნდა ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ.

მე შეგახსენებთ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ იყო ზურაბ ჯაფარიძე, მანამდე იყო ხატია დეკანოიძე, მანამდე ენჯეოების ლიდერები, იყო არაერთი პროვოკაცია მოხალისეებთან, სანქციებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდებოდა საზოგადოების თვალწინ. ის რომ ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ეს დღესავით ნათელია. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ესენი არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ აქვთ კოორდინაცია ერთმანეთში. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ამ კონტექსტში ელჩებზე საუბარს, ეს არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენ შეგნებულად გვაქვს ზომიერი განცხადებები დიპლომატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი