შალვა პაპუაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

14 სექტემბერი 2022, 11:20 691 ნახვა

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა, - ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას.

"დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური  ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 23 ივნისს ვეტო გამოიყენა, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი