სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის, "დიდება უკრაინას“ მონაწილეებს უმასპინძლა

06 სექტემბერი 2022, 14:53 738 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს უმასპინძლა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

"მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ, პირადად გიმასპინძლოთ და თქვენს მნიშვნელოვან კონფერენციაში ამ ფორმით მივიღო მონაწილეობა. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ორგანიზატორებს: მაკკეინის ინსტიტუტს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტს და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს. ქალბატონო და ბატონო ელჩებო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თქვენ და კონფერენციის ევროპელ და ამერიკელ მონაწილეებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ აგვირჩევია, მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, იგივე ეპიზოდები განვლეთ.

ჩვენ გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან, რაც ჩვენი ერების არჩევანი არ ყოფილა, პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირეხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება, და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა და საქართველოში სხვადასხვა ფორმა მიიღო: (თუმცა ძირითადად ერთი და იგივე იყო) ადამიანის უფლებების ჩახშობა, ეროვნული იდენტობის ჩახშობა, ჩვენი ენების ჩახშობის მცდელობა (და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამან საბოლოოდ არ იმუშავა). ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ახლო კავშირები ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, 1991 წელს მეორე დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე გზას დაადგნენ – ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ინსტიტუტების კონსოლიდაციის გზას. ეს ძალიან რთული გზაა, რადგანაც საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ – ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის რაღაც გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება.

საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ. ამ გამოცდილებებმა ჩვენს ხალხს შორის არსებულ კავშირები უფრო გააძლიერა. ეს კავშირები ძალიან ძლიერია და მათზეა დაფუძნებული ეს ძლიერი სოლიდარობა, რომელსაც დღეს ვხედავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა და კვლავ გამოხატავს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნების ისტორიის ამ ეტაპზე ცხადია, რომ უკრაინამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოებული ამ ძალზე მამაცი და მტკიცე ბრძოლით, ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. შესაძლოა, ჯერ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა, მაგრამ ეს რეალობა სულ სხვაა.

პარადოქსია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა რუსეთის შემოჭრა თბილისში (აქ არ ვთვლი ძველ დროებს) და 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა საუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაცია, დასრულდა ის საბჭოთა კავშირი, თუნდაც დღევანდელი რუსეთი და მსოფლიოს ზოგიერთი კუთხე ამას ჯერ ვერ იაზრებდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას” იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი