როგორი იქნება ახალი სპორტული ობიექტები, რომლებიც სასპორტო სკოლის ორი ფლიგელის დემონტაჟის სანაცვლოდ აშენდება, შესაბამის ფოტო-მასალას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ,, ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სკოლის ადმინისტრაციული, ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული ის არ ექვემდებარება დემონტაჟს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორ კომპანიაზე გაასხვისა სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული დარბაზის ტერიტორია. სანაცვლოდ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ააშენოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში უკვე ათწლეულების განმავლობაში არსებული კიდევ ერთი პრობლემა მოგვარდება: ლეონიძის ქუჩაზე ახალ სპორტულ ცენტრში საცურაო აუზიც აშენდება, სადაც სინქრონული ცურვისა და წყალბურთის სექციები განთავსდებიან”-ნათქვამია განცხადებაში.