შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს - შსს

07 ივლისი 2020, 14:12 536 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. 

''საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე'' - განაცხადა ბორცვაძემ. 

აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის,

• გამოკითხულია 93 პირი

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან - ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

• ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში