''ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ'' - აქცია თბილისში

20 ივნისი 2020, 20:06 1305 ნახვა

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია გაიმართა. სესიას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე უძღვებოდა. რუსი დეპუტატის პარლამენტის შენობაში გამოჩენას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი ნაწილი მალევე სპონტანურად შეიკრიბა პარლამენტთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი, მოქალაქეებთან ერთად, პროტესტს პარლამენტის შენობაში გამოხატავდნენ.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და მისმა მონაწილეებმა, მათ შორის სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის შენობა დატოვეს. პარლამენტის წინ შეკრება -მანიფესტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. აღნიშნულს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით, აქციის დაშლა დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზის და  წყლის ჭავლის გარდა, არალეტალური ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს, აქციის დაშლას კი, ოცდაერთი ივნისის გამთენიისას, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიდევნება და სხვადასხვა ტერიტორიაზე დაკავება მოჰყვა. 

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი,პოლიციის  73  თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა.  რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა ცალი თვალი დაკარგა, კიდევ რამდენიმე დაზარალებულს კი მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა. ერთი წელია სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. დღევანდელი პრემიერმინისტრი ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენებისას შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 

გავრილოვის საქართველოში მოწვევასა და პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებაზე პასუხი საკანონმდებლო ორგანოს  მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადადგომით აგო,  ზაქარია ქუცნაშვილმა კი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, საპარლამენტო მანდატი დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიშები გამოაქვეყნეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 20 ივნისის მოვლენები ჯერ კიდევ გამოუძიებელია და საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები აქციის დაშლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში  ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი პირების შესახებ. აქცია გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში