აჭარის განათლების სამინისტრო 72 კონდიციონერს ყიდულობს

01 ივნისი 2020, 18:07 1861 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრო 72 კონდიციონერის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.  უწყება მზადაა კომპანიას, რომელიც მოთხოვნილ საქონელს მიაწოდებს 98 782 00 ლარი გადაუხადოს. სატენდერო პირობების თანახმად, 72 კონდიციონერის  ბათუმის #10 და #14 საჯარო სკოლებში უნდა დამონტაჟდეს. განათლების სამინისტროში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ წელს პირველად აღნიშნულ სკოლებში საგამოცდო ცენტრები განთავსდება და მასშტაბური შესყიდვა სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა. 

მათივე განმარტებით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არსებული საგამოცდო ცენტრი  გაუქმდება. სამინისტროში ამბობენ, რომ კონკრეტული რეკომენდაციები კონდიციონერების გამოყენებასთან დაკავშირებით მოგვიანებით დაიდება, რასაც გაითვალისწინებენ.

"შესყიდვის საფუძველი არის საქართველოს განათლების მინისტრის 11 თებერვლის კორესპონდენცია, რომელიც საგამოცდო ცენტრების მოწყობას უკავშირდება. ბათუმში აქამდე  ორი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა, ეს იყო ბათუმის პირველ სკოლასა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის ნაცვლად წელს საგამოცდო ცენტრები იქნება მეათე და მეთოთხმეტე სკოლებში. შესაბამისად, ბათუმში 3 საგამოცდო ცენტრი გვექნება #1, #10 და #14 საჯარო სკოლებში. საგამოცდო სექტორები კი კონდიცირების სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი.

როგორ მოხდება კონდიციონერების გამოყენება პანდემიის პირობებში, როდის მოხდება მისი ჩართვა-გამორთვა ამაზე კონკრეტული რეკომენდაციები მოგვიანებით დაიდება. პროცედურები კორონავირუსამდე დავიწყეთ და ბიუჯეტშიც თანხები მანამ გავითვალისწინეთ. დაწესებულების საგამოცდო ცენტრად გამოცხადების შემდეგ იქ გარკვეულწილად ხდება საქმიანობის შეზღუდვა. უნივერსიტეტს ამ დროს აქვს გარკვეული საგანმანათლებლო პროცესები, რის გამოც დისკომფორტი ექმნებათ და რადგან იყო საშუალება, რომ ცენტრებად ეს შენობები გამოგვეყენებინა, რომლებიც ამ დროისთვის თავისუფალია ასეც მოვიქეცით"- აცხადებს ჯემალ სურმანიძე.

სატენდერო პირობების თანახმად, კონდიციონერების მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. სამინისტროში ამბობენ, რომ მონტაჟი სავარაუდოდ 1 ივლისამდე დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში