ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

08 აპრილი 2020, 18:35 1277 ნახვა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო.

შეიქმნება სპეციალური პლატფორმა,რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

ვიდეკონფერენციის დროს, ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების შესანარჩუნებლად განახორციელა.

მათ შორის აღინიშნა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნეს სუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი.

საუბარი შეეხო სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევას, ასევე ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად ეტაპობრივად განახორციელებს.

ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად და ეფექტიანად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილში მათი ხედვები უმეტესწილად ანალოგიურია.

ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და სტრატეგია, რომლითაც საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ და შეცვლილ ეკონომიკურ გარემოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში