საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია - სინოდის გადაწყვეტილება

20 მარტი 2020, 21:10 2556 ნახვა

"წმინდა სინოდის განჩინებით მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში გვმართებს გავაცნობიეროთ ამ ფაქტის სულიერი მიზეზები.

მთავარი მიზეზი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო შეიცნოს საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები... შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საზოგადოებაში განცდა კითხვები თუ რამდენად საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.

ეკლესიის ყველა მსახურება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული... წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისათვის ზიარების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია.

წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს: ყველა ეკლესიასა და მონასტრეში ღვთისმსახურება ჩატარდება ეკლესიის წესს განაგებს სრული დაცვით, სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვებზე დასწრება

ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭიქით, რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების მქონე პირებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამაინებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები" - საქართველოს საპატრიარქომ სინოდის გადაწყვეტილება გაახმოვანა.


COVID 19-თან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ვირუსის გავრცელების პრევენციაზე, მათ შორის ზიარების წესის დროებით შეცვლაზე (ერთჯერადი კოვზებით, ან შეჩერებაზე). ამ წესის მიხდევით,  ასეულობით მორწმუნის ბარძიმიდან ზიარება ერთი კოვზით ხდება და ვირუსის გადადების საფრთხეები არსებობს. 

ეკლესიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინებოდა ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიიჩნიეს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. რაც შეეხება თავად პროცესში, ბარძიმის კოვზის შეცვლის საკითხს, ზიარების არსიდან და წესიდან გამომდინარე უარი თქვეს. 

კონკრეტული მღვდელმსახურები კი ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. 

მსოფლიოში, სხვადასხვა რელიგიურმა კონფენსიებმა კონკრეტული ზომები გაატარეს, რიგ ქვეყნებში კი, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დროებით შეჩერდა ღვთისმსახურება ტაძრებში.  

რუსეთის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ ზიარების შემდეგ საზიარო კოვზი სპეციალური წესით გაიწმინდება. უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე ტიპის ზომებს საქართველოს საპატრიარქო. 

.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი