ირანისაგან ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციის გადახდას ველოდებით - უკრაინის პრეზიდენტი

11 იანვარი 2020, 12:34 1626 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებას, არამედ ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება. ზელენსკიმ განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ირანის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ. ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თვითმფრინავი ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში