გრიპის ვირუსის გამო, არდადეგების გახანგრძლივების საჭიროება არ დგას - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

08 იანვარი 2020, 16:39 1874 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე დაცული ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან, რადგან აღმზრდელებს ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ. 

მისივე განმარტებით, გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება, ამიტომ სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„დღეს, დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და ამისდა მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ბაღებსაც ეხება ეს და სკოლებსაც,'' – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში