აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ თანამდებობებზე გამოცხადდება კონკურსი - გიორგი კოხრეიძე 

26 დეკემბერი 2019, 18:34 2366 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დღეს მრჩეველთა საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ სურს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოადგილეებზე და ასევე გარკვეული სამსახურის  უფროსების პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადოს. ამბობს, რომ კონკურსში თუ ვერ გაიმარჯვებს კონკრეტული პირი, სხვა პოზიციაზე გადაიყვანს, თუმცა იგივე ხელფასს დაუტოვებს. ანუ, შეიძლება ჩამოქვეითდეს, მაგრამ თანამდებობისთვის განკუთვნილ სარგოს მაინც მისცემს. 

"მაუწყებლის ის მოქმედი ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უარს განაცხადებენ კონკურსში მონაწილეობაზე... თვითეულ ხელმძღვანელი პირის პოზიციაზე ჩატარდება კონკურსი, ხელმძღვანელ პოზიციასა და ასევე მოადგილეზე. ამ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას ისინი, ვინც დღეს მუშაობენ ამავე თანამდებობაზე და თუ ვერ გაივლიან და ვერ გაიმარჯვებენ, ამ შემთხვევაში გადაინიშნებიან და ისევ მაუწყებელში სხვა პოზიციაზე დაინიშნებიან, იგივე ხელფასით... მათი უფლება არანაირად არ იქნება შელახული.

ის, რომ კონკურსი ჩატარდება აუცილებელია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მიმაჩნია, რომ ჩემი კონკრეტული გადაწყვეტილება შეძლება არ იყოს კარგად გაგებული. ყველა მიმართულებით შევეცდები ჩავატარო კონკურსი" - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ. "რა თქმა უნდა თქვენი თანხმობა იქნება საჭირო" უთხრა მრჩეველთა საბჭოს წევრებს.

დღეს ტელევიზიის დირექტორი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში ითხოვდა ცვლილებების შეტანას, ანუ სტრუქტურულ რეორგანიზაციას. ის ითხოვდა, მრჩევლებს მისთვის მხარი დაეჭირათ. ამ ეტაპზე, სტრუქტურული ცვლილებები არ დამტკიცებულა, მრჩეველთა საბჭომ მას დღეს კენჭი არ ეყარა. 

პროექტის დასამტკიცებლად 4 მრჩევლის 4-ვე ხმა იყო საჭირო, თუმცა ცვლილებებს ამ ეტაპზე არ დაეთანხმა დამოუკიდებელი კვოტით არჩეული, თამარ წილოსანი. ამბობს, რომ ჯერ უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა თანამშრომლებთან და შემდეგ, დასკვნების საფუძველზე იმჯელებს მის მართებულობაზე.  რამდენად არის საჭირო ცვლილებები. 

"ჩემი აზრით, სანამ ეს პროექტი მრჩეველთა საბჭოზე გავიდოდა, ამ რგოლის სამსახურებთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ეს ასე არ მოხდა და შემოგვთავაზეს პროექტი, მეც მჭირდებოდა დრო განხილვისთვის. გუშინ გავეცანი მე პირადად ამ პროექტს, კონკრეტულად რაში იყო ცვლილება. როდესაც როდესაც საქმე ეხება ტელევიზიის თანამშრომლებს, ჩვენ საჯარო ვალდებულება გვაქვს საზოგადოებასთან. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი პრინციპი ბმაშია კეთილსინდისიერებასთან. ჩემთვის საჯაროობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ასევე თითოეული იმ რგოლის მენეჯმენტის მოსაზრება, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ცვლილება და რეორგანიზაცია.

წარმოდგენილი პროექტი, როგორც ამბობენ განვითარებაზე და მოქნილ მენეჯმენტზეა ორიენტირებული. დიდი იმედი მაქვს იმ თანამშრომლების, რომლებიც მაუწყებელში საკმაოდ დიდი გამოცდილებით მუშაობენ, აქვთ თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებები, რომ მათგან წამოვა კვალიფიციური დასკვნები. გავეცნობი მათ დასკვნებს. დრო მიეცა ახლა დირექტორს იმისთვის, რომ ჩაეშვას ეს დოკუმენტი, განიხილონ შესაბამისმა რგოლებმა და სწორედ ამ მოსაზრებების გაცვლის შემდეგ მე მივიღებ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, მანამდე მე ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება. ჩვენ ვართ საჯარო დაფინანსებით, ტელევიზიას ეხება საქმე, მაუწყებელს ეხება საქმე და თუ განვითარებაზეა საქმე ეს დოკუმენტი დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობ,  სამ კვირიანი განხილვის ვადა გონივრულია. ახალი წლის დღეები არის და ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება დოკუმენტის სრულფასოვნად განხილვა.'' - განაცხადა თამარ წილოსანმა.

საკითხზე კენჭისყრის მართებულობის საკითხზე მსჯელობდნენ სხვა მრჩევლებიც, გიგა ჩხარტიშვილი აცხადებდა, რომ ალბათ უკეთესია დირექტორის წინადადება გამოქვეყნდეს საჯაროდ და მიეცეს სხვა პირებს მისი გაცნობის საშუალება, სწორედ ამის შემდეგ ეყარათ კენჭი დოკუმენტისთვის. 

''ეს ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. როცა გამოქვეყნდება თუ იქნება შეკითხვები მე მზად ვარ განმარტებები გავაკეთო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობას ეხება, მოქმედ დებულებაში მნიშვნელოვან ნაწილში დასახვეწია. სარედაქციო დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიაა წარმოდგენილი. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი რამდენიმე პუნქტს, რომლებიც სიახლეა დ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის. რაიმე ტიპის ჩარევასა და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები, რომ არ იყოს, დებულების დონეზეც კი იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება სურვილი ეს ტექსტი გადავცეთ ყველა დაინტერესებულ პირს. მათ შორის პროფკავშირების წარმომადგენლებსაც'', - განაცხადა სხდომაზე გიგა ჩხარტიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში