აჭარის მთავრობის პიკეტირებისთვის დაკავებულები დააჯარიმეს - დაჯარიმებულები პიკეტირების ფაქტს უარყოფენ

19 ნოემბერი 2019, 17:15 2273 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციის ის 4 მონაწილე, რომელიც პოლიციამ, 4 დღის წინ, 15 ნოემბერს, ბათუმში,  სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, მოსამართლემ დამნაშავეებად მიიჩნია. 

გია ხალვაშს, რეზო ხარაზს, ბეგლარ ფუტკარაძეს და ალექსანდრე მილორავას, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. 

სასამართლო პროცესზე მოწმეებად 3 პოლიციელი და 1 სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიკითხნენ. ისინი ყვებოდნენ, რომ დილით შეტყობინება მიიღეს აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირების შესახებ. მათ თქმით, ადგილზე მისულებმა აქციის მონაწილეებს მოსთხოვეს გაეთავისუფლებინათ მთავარი შესასვლელი, რადგან არღვევდნენ კანონს, რასაც აქციის დაკავებული მონაწილეები არ დაემორჩილნენ. 
ბრალდებულები არ ადასტურებდნენ  ფაქტს, რომ აჭარის მთავრობის სახლი პიკეტირებული იყო. მათი თქმით, შენობას რამდენიმე შესასვლელი აქვს და თავისუფლად შედიოდნენ თანამშრომლები. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში