ტაქსით მგზავრობის გაიაფებას მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი აპროტესტებდა - მაქსიმის პასუხი გაფიცულებს

09 ოქტომბერი 2019, 17:58 1870 ნახვა

ტაქსის კომპანია "მაქსიმი" ბათუმში გამართული მძღოლების საპროტესტო აქციასა და მათ მოთხოვნებს განცხადებით პასუხობს.

მათი განმარტებით, ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი, ფასები ძველ დონეს დაუბრუნდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ "მაქსიმის" მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბათუმში საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობს.

"უცნაურია, რომ მძღოლები აპროტესტებენ იმას, რაც აქამდე აწყობდათ. მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღების სურვილისა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ.

ახლა სერვის "მაქსიმის" მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბათუმში არ მონაწილეობს საპროტესტო აქციაში. მათ იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების სარგებლობის მსურველთა რაოდენობას, რის გამოც დაზარალდებიან. აქციის მონაწილეები თვითონ ამცირებენ თავიანთ შემოსავალს, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრი შეკვეთის შესრულებას შეძლებდნენ.

"მაქსიმმა" შესთავაზა პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა, თუმცა მათ გადაწყვიტეს ულტიმატუმის ენით მოქმედება. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მივაწვდით ხმას ამ ადამიანებს", - წერია მაქსიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში