პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი აქვს და პენსიის 50% ბანკში უკავდება - სახალხო დამცველი

01 ოქტომბერი 2019, 13:52 2336 ნახვა

1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული (60+) პირია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს საპენსიო ასაკს 881 479 პირმა მიაღწია. ამათგან 756 479 იღებს პენსიას, 71 312 საარსებო შემწეობას. პენსიონერთა ნახევარზე მეტს ლიბერთი ბანკში აღებული აქვს სესხი და პენსიის 50% ხშირად ბანკში ყოველთვიურად უკავდება.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება.

ხშირია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა. ამ მიმართულებით სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემებიც არ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ხანდაზმულთა სოციალურ, ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები. სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა .

ომბუდსმენი ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგად ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ქვეყანაში ხანდაზმულთა საჭიროებებს და მათი პრობლემები წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია.

"არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად არსებითად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, ეტაპობრივად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ხანდაზმული პირებისთვის ადამიანის უფლებების განუხრელ და სრულფასოვან რეალიზაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1990 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში