რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ "შუქურას" დატოვება არ სურდა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს

02 სექტემბერი 2019, 17:45 3563 ნახვა

ქობულეთის საფეხბურთო კლუბის „შუქურას“ დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ თანამდებობა 5 აგვისტოს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი ქობულეთის სტადიონის სამსახურის უფროსად დანიშნეს.

სატელეფონი საუბარში რევაზ ჩელებაძემ აცხადებს, რომ კლუბის დატოვება არ სურდა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, კლუბის დაფინანსების მსურველები უარს აცხადებდნენ ინვესტიციის ჩადებაზე, თუ "შუქურაში" ძველი მენეჯმენტი დარჩებოდა. 

ამტკიცებს, რომ  დღეში რამდენჯერმე ურეკავდა ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე. „მეუბნებოდა, რომ კლუბი იღუპება,  ან დავლაპარაკებოდი ინვესტორებს ან მიმეღო გადაწყვეტილება, რადგან ინვესტორები უარს აცხადებდნენ ჩემი დირექტორობის შემთხვევაში გუნდის დაფინანასებაზე,“ - აცხადებს ჩელებაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ვეტერანი ფეხბურთელი ხაზგასმით ამბობს, რომ მის წასვლას მთავრობის თავმჯდომარე არ ეთანხმებოდა.

ქობულეთი მერი, მირიან ქათამაძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტიპის ძალდატანების ან ჩარევის ფაქტს კლუბის ყოფილი მენეჯერის გადაწყვეტილებაში. ამბობს, რომ მისი მხრიდან მოლაპარაკებები "შუქურას" დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების კუთხით ან რაიმე ტიპის მინიშნებები არ ყოფილა.   

"ჩემთვის ძალიან საპატივცემულოა ყველა განცხადება, რომელსაც ბატონი რევაზ გააკეთებს, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლოა ეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, სამეწარმეო რეესტრშიც არის დარეგისტრირებული, რომ ბატონმა რევაზ ჩელებაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, რომელიც მე დავაკმაყოფილე.

ისიც მინდა გითხრათ დამატებით, როგორც სახელოვანი სპორტსმენი, როგორც მთლიანი ქართული ფეხბურთის ისტორიის შემოქმედი, "შუქურას დამფუძნებელი" რჩება საფეხბურთო კლუბში და ჩელე არენას ადმინისტრაციის უფროსია. შპს გათავისუფლება დანიშვნასთან დაკავშირებით არც ერთი სახის მითითება და ძალდატანება, არ ყოფილა" - ამბობს მირიან ქათამაძე.

„შუქურა“ ქობულეთის მერიის ბალანსზე ირიცხება, ამ დროისთვის მენეჯმენტს 200 ათას ლარამდე დავალიანება აქვს დაგროვებული. კლუბს ფეხბურთელების ხელფასები და საწვრთნელი შეკრებების   დავალიანებები აქვს დასაფარი.

„შუქურას“  გასხვისებაზე საუბარი  რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და რამდენიმე ინვესტორიც ყავს, მათ შორის ერთ-ერთი ჯუმბერ გოგიტიძეა. „შუქურას“ დირექტორი ამავე კლუბის იურისტი, ირაკლი ბერიძე გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში