ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსიდან კონდიციონერი ჩამოვარდა და მამაკაცს დაეცა

31 აგვისტო 2019, 14:30 8725 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ, საცხოვრებელი ბინიდან კონდიციონერი გადმოვარდა.

თვითლმხილველების ინფორმაციით, კონდიციონერი ქვემოთ მყოფ მამაკაცს დაეცა. მათივე თქმით, დაშავებული 55 წლის კაცი ქობულეთის მკვიდრია და იგი ტროტუარზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივთა განმარტებით, გამაგრილებელი საშუალება საცხოვრებელი ბინის მე-4 სართულზე  ხის მცირე კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. მათივე თქმით, კონდიციონერს სპეციალისტი სადემონტაჟო სამუშაოებს უტარებდა, რა დროსაც იგი მოულოდნელად გადმოვარდა და ქუჩაში  მყოფ გამვლელს დაეცა.

მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ  სამუშაოების დროს არ იყო  დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორია არ  იყო სპეციალური დამცავი ლენტით შემოსაზღვრული.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო  საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. თავის არეში ჭრილობით და ტვინის შერყევით პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით მას დამატებითი კვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორომაციით,  გამოძიება 240-მუხლის, 1-ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში