აჭარაში სასტუმროებსა და რესტორნებს ფარულად შეამოწმებენ

09 სექტემბერი 2019, 11:00 1958 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარატმენტი  36 000 ათას ლარს გადაუხდის კომპანიას, რომელიც იდუმალ სტუმრებს დაიქირავებს. ისინი კი, თავის მხრივ აჭარის მასშტაბით 120 სასტუმროში ღამეს გაათევენ.

ამ ადამიანების ამოცანაა, სასტუმროებში მომსახურების ხარისხი შეამოწმონ. ამისთვის კი, შესაძლოა, დასვან კითხვები, ხელოვნურად შექმნან კონფლიქტური სიტუაციები და შეაფასონ ტურისტულ ობიექტებში მომსახურების ხარისხი და მასპინძლების ქცევა.  

სასტუმროების გარდა, იდუმალმა სტუმრებმა დამატებით კაფე და რესტორანიც უნდა მოინახულონ. სასტუმროების მსგავსად, აქაც უნდა დააკვირდნენ მომსახურების ხარისხს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ზედმეტად პრეტენზიულადაც მოიქცნენ, მათი მთავარი ამოცანაა ყველა შესაძლო სიტუაციაში დააფიქსირონ ამა თუ იმ ობიექტში მომსახურების ხარისხი.  

კომპანია, რომელმაც ეს მისია უნდა შეასრულოს უკვე გამოვლენილია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის ტენდერში "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" გაიმარჯვა.

კომპანიამ 36 ათას ლარში უნდა შეაფასოს სასტუმროს საერთო ხედი, აქვს თუ არა ორენოვანი წარწერა და მისაღები სივრცე; ასევე, არის თუ არა სასტუმროს მისაღებში სტუმრის ჩამოსაჯდომი, ადმინისტრატორისა და მენეჯერის ვიზუალი, მომსახურეობის დონე, დაჯავშნის მომსახურება, მიღება და განთავსება, ჰაუსკიპინგი. იდუმალმა სტუმარმა უნდა შეაფასოს საზოგადო ადგილებისა და ნომრის მდგომარეობა, სარესტორნო მომსახურება, რუმსერვისი, დამატებითი მომსახურებები (ფიტნესცენტრი, ბიზნესცენტრი, კონსიერჟი და ა.შ.). სტუმრის ემოციურ მდგომარეობა სასტუმროში ყოფნისას.

კვების ობიექტების შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს -  რესტორნის საერთო სურათი, დარბაზისა და მაგიდების სისუფთავე,  სერვირება, განათება, მუსიკის ხმის სიმძლავრე, ობიექტზე სველი წერტილების საკმარისი რაოდენობა და მათი ჰიგიენური მდგომარეობა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სასტუმროებისა და რესტორნების მონახულების შემდეგ, საკუთარი მოსაზრებები და თითოეულ ობიექტზე შევსებული კითხვარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 16 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.  

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  იდუმალი სტუმარი  მომზადებული უნდა იყოს და ჰქონდეს წინასწარ გაწერილი მოქმედების ინსტრუქცია. სტუმრების მოქმედება და კითხვარი  წინასწარ უნდა შეთანხმდეს ტურიზმის დეპარტამენტთან. 

დეპარტამენტი ტურისტულ ობიექტებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგსა და შეფასების კვლევას, იდუმალი სტუმრის დახმარებით, 2014 წლიდან ახორციელებს.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ კვლევების დახმარებით შესაძლო გახდა პრობლემების დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და დაიგეგმა სატრენინგო პროგრამა. ტურიზმში ჩართულ ადამიანებს,  დეპარტამენტი „იდუმალი სტუმრის“ პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ უტარებენ ტრენინგებს, უწევენ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი.

"წელს პროექტის მთავარი მიზანი იქნება, შეაფასოს, თუ რამდენად იქნა დაძლეული პრობლემები და გამოწვევები ერთი წლის განმავლობაში. რამდენად ეფექტიანად იმუშავა კერძო და საჯარო სექტორმა და დღევანდელი მდგომარეობით რა დარჩა გასაუმჯობესებელი.

კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კი, წელსაც, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის“-ამბობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში