ბათუმის 3 ეზოში კაფეების მოსაწყობად მერია 30 000 ლარს დახარჯავს

15 აგვისტო 2019, 17:02 2146 ნახვა

მემედ აბაშიძის - #35

„ისტორიული განაშენიანების საზღვრებში, ეზოებში კომერციული პროექტების განვითარების მხარდაჭერის“ პროგრამის  ფარგლებში,  ბათუმის მერია 3 ეზოსთვის 30 000 ლარი დახარჯვას გეგმავს.

ტენდერი 7 აგვისტოს გამოცხადდა და საბუთების მიღება ხვალიდან, 16 აგვისტოდან იწყება.  ამ თანხაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ზვიად გამსახურდიას N43; მემედ აბაშიძის  N35-სა და
ე.ნინოშვილის ქ. N3-ში ეზოები კაფეებად უნდა გადააქციონ. 

ზვიად გამსახურდიას N43;

შერჩეულ ეზოებში, წინასწარ შემუშავებული ესკიზების მიხედვით, ტერიტორია უნდა გაიწმინდოს, მოწესრიგდეს, მოიხატოს კედლები, კომპანიამ შეისყიდოს კომერციული საქმიანობისთვის საჭირო ავეჯი და ტექნიკა - წვენსაწური, ყავის ელექტრო მადუღარა, რბილი ავეჯი და ა.შ. 

შერჩეული ეზოების მეპატრონეები, ამ სეზონზე იდეის განხორციელებას ან კომერციული საქმიანობის დაწყებას, სავარაუდოდ, ვეღარ მოასწრებენ. რადგან თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღიანი ვადა ექნება. 

ბათუმის მერია უკვე მეორედ ცდილობს პროგრამის ფარგლებში ეზოების მოწყობას და ტურისტულად განვითარებას. 

2019 წლის 15 მაისს მერიამ 9 ეზოს მოსაწყობად 87 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. აღნიშნულ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზი აღმოჩნდა. 

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ჯერ კიდევ 2018 წლის 6 ივნისს დააანონსა, რომ ძველი ბათუმის ეზოებს ახალ სიცოცხლეს შესძენდა. ინიციატივის თანახმად, მერიის ფინანსური წახალისებით, ისტორიულ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს ახალი ტურისტული პროდუქტები უნდა შეექმნათ, მოეწყოთ ეზოებში კაფე-ბარები, ჰოსტელები, ან სავაჭრო ობიექტები. 

ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ საინტერესო პროექტების არსებობის შემთხვევაში,  პირველ ეტაპზე, ათი ეზოს პროექტს - 10 000 ლარით დააფინანსებდა. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში