რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა - IRI-ის კვლევები

19 ივლისი 2019, 19:28 340 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა. 

კითხვაზე, მხარს უჭერთ, თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს, ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ-კი. 12 %-კი დიალოგს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

აღნიშნული  მონაცემები ბოლო დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2017 წელს, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლვის თანახმად რუსეთთან დიალოგის მომხრე 53 % იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 71 პროცენტის აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ამჟამადაც გრძელდება და მოსახლეობის უმრავლესობისა ჩრდილოელ მეზობელს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 52 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლევა არ მოიცავს  ქვეყანაში 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა მისი შედეგები წარმოაჩენს მოსახლეობის იმედგაცრუებას რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან მიმართებაში, ასევე იმედგაცრუებას ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის გამო.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი