"მოერიდეთ პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობას"- დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

16 ივლისი 2019, 23:51 390 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს არ დალიონ წყალი წყალსატევებიდან, ასევე თავი მოარიდონ  პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობას. 

მათივე თქმით აუცილებელია საკვები პროდუქტების კარგად გარეცხვა და მზა პროდუქტების მაცივარში შენახვა.

"წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან და ასევე განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ არავითარი საშიშროება არ არის. კვებასთან დაკავშირებით ძირითადი რეკომენდაციაა, რომ სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მირკობი იყოს და მათ გამო არაფერი მოგვივა, მაგრამ იგივე მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, შეიძლება ეს სუფრის ბოლოს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრობლემა გახდეს, რადგან მიკრობები გამრავლდება. ასევე, სალათები უნდა ინახებოდეს მაცივარში და კიდევ უფრო კარგია, თუ არაჟნით ან მაიონეზით უშუალოდ სუფრაზე გატანამდე გავაწყობთ. სალათები კარგია, ოღონდ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და არაჟნის გარეშე"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, წელს მწერების სიმრავლით შავი ზღვისპირეთი და კახეთი გამოირჩეოდა, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მშვიდია.

"ზაფხული წყნარი, მშვიდია და ინფექციებისგან დაცულები ვართ. ეს მწერების მიერ გადატანილის გარდა ეხება სხვა ინფექციებსაც, მოგეხსენებათ, ზაფხული კუჭ-ნაწლავის, ნაწლავების ინფექციების სეზონია და ამ მხრივაც ქვეყანაში ძალიან მშვიდი მდგომარეობა, არავითარი გართულება არ ყოფილა და არც ველოდებით"- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით მშვიდი სეზონია წელს ინფექციური დაავადებების კუთხითაც.

"ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს. არაფერი გართულება არ არის, რაც გვაქვს, ისიც მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის ამ პერიოდში. პრაქტიკულად, ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წითელას მხრივ სიმშვიდეა, რამდენიმე შემთხვევა აღინიშნება სულ კვირის განმავლობაში"-განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი