რუსთაველზე წყდება ვის ეკუთვნის ქვეყანა, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მხარდაჭერილ ძალებს - #სირცხვილიას ორგანიზატორები 

08 ივლისი 2019, 16:29 1407 ნახვა

აქცია #სირცხვილიას ორგანიზატორები განცხადებით, დღეს საღამოს, ტრადიციულად 19:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.  ''რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს'' - აცხადებენ ორგანიზატორები. 

მათივე თქმით, ისინი აქციაზე საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის დროშებით მივლენ. შეკრებას პუშკინის სკვერში გეგმავენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრებიან. 

„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;

დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით; დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;

მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული იყოს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი