ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

26 ივნისი 2019, 13:42 34631 ნახვა

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ქალი, მაყვალა იაკობაძე რიზეს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.  ბოლო ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია.  ექიმის თქმით, პაციენტს სახეზე ჭრილობები და დაზიანებები აღინიშნება, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს.

მეორე დაშავებულის, ჯემალ იაკობაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. ის ავტომობილს მართავდა. ავარიის დროს კი ლავიწის ძვალი დაუზიანდა.

სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. 

საქართველოს მოქალაქეებს თამარ ქედელიძესა და ბიჭიკო იაკობაძეს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. ტრანსპორტირებას, სარფის საბაჟომდე, თურქეთში საქართველოს საკონსულო უზრუნველყოფს, ქართულ მონაკვეთზე კი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან.

გარდაცვლილების მეზობლის ინფორმაციით ავტომობილში ოჯახის სამი წევრი და მათივე ახლობელი იმყოფებოდა. გარდაცვლილი თამარ ქედელიძე, თამაზ იაკობაძის დეიდა იყო. 

ისინი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე დადიოდნენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში