საქართველოში ქალებს 400 ლარით ნაკლებს უხდიან, ვიდრე კაცებს

17 ივნისი 2019, 18:37 368 ნახვა

საქართველოში ქალების საშუალო თვიური ხელფასი, მამაკაცებთან შედარებით კვლავ საგრძნობლად დაბალია - ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოწმობს. უწყების ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების - 1294.1 ლარით განისაზღვრა. მათივე დაკვირვებით, კაცების ხელფასი ქალების ხელფასს თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით, ქალების ანაზღაურება 58 ლარით, მამაკაცებისა კი 22 ლარითაა გაზრდილი.

იმ ფაქტზე, რომ დასაქმებული ქალები საქართველოში 41 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე კაცები, საუბარია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ კვლევაშიც. არსებული სხვაობის მიზეზებად, ორგანიზაცია შრომის სეგრეგაციას, ტრადიციული გენდერული როლებისა და ქალების დატვირთვას არაანაზღაურებადი შრომით, კერძოდ კი, საოჯახო მოვალეობებს ასახელებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სამუშაო ასაკში მყოფ ქალთა 17% თავის ძირითად საქმიანობად დიასახლისობას მიიჩნევს. აღსანიშანვია ისიც, რომ კაცები უფრო ხშირად მუშაობენ ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომლებიც მაღალ ანაზღაურებადია, ქალების დასაქმების ძირითადად სფეროს კი ისეთი სამუშაოები წარმიადგენს, რომლებიც ხშირად დაბალ ანაზღაურებადია.

ქალები მნიშვნელოვნად ჭარბობენ კაცებს ადმინისტრაციული, სამდივნო და მომსახურების სფეროებში. მათივე რეკომენდაციით, გენდერული სახელფასო განსხვავება შესაძლოა სხვადასხვა საშუალებით შემცირდეს:  სახელმწიფოს შეუძლია კომპანიებს თანაბარი ანაზღაურების დანერგვისკენ უბიძგოს, ხელისუფლებამ შესაძლოა იმსჯელოს თანაბარი ანაზღაურების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაზე, მთავრობამ ასევე უნდა იფიქროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირებაზე - ოჯახში მომუშავეებისთვის ღირსეული სამუშაოს შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი