აჭარის მაუწყებელმა არჩევნები დაბალანსებულად გააშუქა - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

06 ივნისი 2019, 17:58 895 ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მერების რიგგარეშე არჩევნები დაბალანსებულად გააშუქა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, საინფორმაციო გამოშვების პრაიმ ტაიმში დრო დაეთმო: ''გაერთიანებულ ოპოზიციას'' – 33.6%, ''ქართულ ოცნებას'' – 33.4%, ''ევროპულ საქართველოს'' - 11.6%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები" - წერია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მონიტორინგის შედეგებში.

საუკეთესო დროის მიღმა კი, მცირედი უპირატესობა დაფიქსირდა მმართველი გუნდის სასარგებლოდ. თუმცა, მარეგულირებელს არ დაუთვლია, დათმობილ დროში მედიასაშუალებამ  რა სახის ინფორმაცია გაავრცელა - პოზიტიური, ნეგატიური თუ ნეიტრალური. 

"საუკეთესო დროის მიღმა, საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: ''ქართულ ოცნებას'' – 41.2%, ''გაერთიანებულ ოპოზიციას'' – 34.8%, ''ევროპულ საქართველოს'' - 10.7%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები" - წერს მონიტორი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნოდ მაუწყებელმა ანალიტიკურ გადაცემებსა თუ დებატებში, მმართველ გუნდის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს, თითქმის თანაბარი დრო დაუთმო. კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაცემებში ყველა საარჩევნო სუბიექტი იყო მიწვეული, რომელიც დათანხმდა გადაცემაში მონაწილეობას. 

პოლიტიკურ პარტიებს შორის დისბალანსი, მხოლოდ ერთ ტოკ-შოუში  დაფიქსირდა - "თვითმართველობის მიმართულებით“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში, 31 მარტიდან 19 მაისამდე, ''ქართული ოცნება'' ორჯერ სტუმრობდა.

კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა, დაკვირვების შემდეგ დაასკვნა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ძირითადად ეძლეოდათ ყოველდღიურ ახალ ამბებში, მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება". 

მედია მონიტორინგი 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონდე რადიო მაუწყებლებს ჩაუტარდა.

მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინა საარჩევნო რეკლამას, წინა საარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინა საარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და გამოკითხვებს აკვირდებოდა.

ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში