გარემოვაჭრეებმა ალტერნატიული სივრცეების მოსაძებნად, მთავრობას ვადა პარასკევამდე მისცეს 

28 მაისი 2019, 15:00 1848 ნახვა

 

აჭარის მთავრობასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი და ბათუმის ვიცე-მერი შეხვდნენ. მოლაპარაკებიდან გამოსულმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ ალტერნატიული სივრცეების მოსაძებნად, რეგიონის ხელისუფლებას ვადა პარასკევამდე მისცეს. 

გარემოვაჭრეები აჭარის მთავრობასთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ, ისინი აცხადებენ, რომ  ძველი ავტოსადგურის შენობაში ხალხი საერთოდ არ მიდის, პროდუქციას ვერ ყიდიან და ლუკმაპურის გარეშე რჩებიან. ისინი ხელისუფლებას ვაჭრობისთვის სხვა ტერიტორიის გამოყოფას სთხოვენ. 

''მოლაპარაკება გვქონდა ბათუმის ვიცე მერთან და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან, მოვაჭრეებმა ორი ალტერნატიული ადგილი შევთავაზეთ მათ. მივიღეთ დაპირება, რომ კვირის ბოლომდე გვექნება პასუხი - იმედია დადებითი. 

პირველი ალტერნატიული ადგილი რაც მათ შევთავაზეთ ეს არის ავტოსადგურის ეზოში რკინიგზის მხარე, სადაც შესაძლებელია ჯიხურების განთავსება, მეორეა, 23-ე სკოლასთან თავისუფალი ტერიტორია რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. ამ ეტაპზე მასთან გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ, გვინდა სავაჭრო ბაზა გაკეთდეს'' - ამბობს აქციის მონაწილე ლია შაინიძე.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, გარემოვაჭრეები პარასკევამდე აქციებს წყვეტენ. 

'' ჩვენი მიზანი იყო, დაწყებულიყო დიალოგი მთავრობასთან, ეს დღეს შედგა. თავდაპირველად ავტოსადგურში გადასვლის იდეა გარე მოვაჭრეების იყო, თუმცა აღმოჩნდა რომ არ გამართლდა. ამ ხალხის მთავარი პრობლემა არის ვაჭრობა, რომელიც იქ არ არის. მინიმალურის მინიმალურიც არ არის და ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ. მთავრობის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და მოსახლეობამაც განსახილველად შესთავაზა ალტერნატიული ფართი.

პარასკევამდე არანაირი საპროტესტო აქცია, მსვლელობა არ იგეგმება. უბრალოდ დაველოდებით პასუხს, ეს იყო დღევანდელი შედეგი, მადლობა მთავრობას რომ მოვიდნენ და მოგვისმინეს,'' - ამბობს თამაზ ბაკურიძე

აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. ბათუმის მერიამ კი, დაახლოებით 4 თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 27 იანვარს, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიზე, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ,  კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში