"რუსთავი 2" წინააღმდეგ დაწყებული ახალი ომის მიზეზი, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა - ნიკა გვარამია

06 მაისი 2019, 22:49 4775 ნახვა

''რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, მეწილეებს უჩივის და მათგან, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს. ნიკა გვარამიას თქმით, ნიჟარაძემ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.

“დაიწყო “რუსთავი 2”-ზე შეტევის ახალი ფაზა. როგორც ჩანს, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი'' - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა. 

ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ პროცესების უკან ხელისუფლება დგას.    ''დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი, "რუსთავი 2"-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით. ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან. ითხოვს 2015 წელს გამქრალ 10 მილიონი ლარს, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან.  აინტერესებს რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოს და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, აქამდე ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომისია საუბრობდა. ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადებაც. ჯამში ითხოვს, დაახლოებით, 26 მილიონ ლარს,  სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის. დავა სავარაუდოდ, არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ. სარჩელს იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის წარმომადგენელი. წინასწარ კარგად არის ცნობილია რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი'' - განაცხადა ბრიფინგზე კომპანიის ხელმძღვანელმა.

გვარამია მოსარჩელე მხარეს სთავაზობს, იდავონ არა ქართულ, არამედ საარბიტრაჟო სასამართლოში. 

მისი თქმით, მიზანი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  ''ეს პირველ პირველ რიგში ეხება იმ ადამიანს, ვინც არის ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, ეს ყველაფერი მეხება მე. მაინც დაველოდოთ სარჩელს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც იქნება წამოყენებული, წინასწარი ინფორმაციით, ეს არის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. რაც ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა'' - თქვა ბრიფინგზე გვარამიამ.

ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, დავა აბსურდულია, ყველაფერი კი იმისთვის დაიწყო, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხი გაჩერდეს, დროებითი მენეჯმენტი დაინიშნოს, საქმე გაკოტრებისკენ წავიდეს და შემდეგ ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილმა შეიძინოს.

''რამდენიმე წლის წინ უკვე შემომთავაზეს საქმის გაკოტრებისკენ წაყვანა, არსებობს დავალიანება, რომელსაც კომპანია 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის. მანამდე კი გადასახადების სრულად იხდიდა. მათ შორის ყადაღის დადებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში. ამას გარდა, არავის უთქვამს, რომ გადასახადების გადახდას არ აპირებენ, დავა მიმდინარეობს სტრასბურგში, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადასახადები კანონიერად არ არის დადებული. მოდავე არის არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომელმაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის წილი მიიღო. ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და მის უკან დგას ხელისუფლება''.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ არხი საგანგებო რეჟიმზე გადადის.

თუმცა ნიკა გვარამია  ამბობს, რომ რეალურად, დაიწყო „ახალი ომი რუსთავი ორის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“, რის გამოც ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„რუსთავი 2“ გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, ის კვლავ მოიგებს ამ ომს. დაიხურება და გაიხსნება ახალი ტელევიზია იგივე სახეებით/ მაგრამ ჩვენ არც ამ ბრძოლის წაგებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში